logo
ENG



ბერძენიშვილი "პატრიოტების" ბანერზე: ანტითურქული კამპანიის გაჩაღება ივანიშვილის ხაზია

29 აგვ 202018:58
3 წუთის საკითხავი
 
ბერძენიშვილი "პატრიოტების" ბანერზე: ანტითურქული კამპანიის გაჩაღება ივანიშვილის ხაზია

რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ბერძენიშვილი პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო ბანერზე ამბობს, რომ ის საბჭოთა კავშირის დროინდელი იდეოლოგიის ნარატივია.

როგორც ბერძენიშვილი Facebook-ზე წერს ბათუმში ბანერი ხელისუფლების დასტურითაა განთავსებული. მისივე თქმით, ქვეყანაში პერიოდულად ანტითურქული კამპანიის გაჩაღება, პატრიოტთა ალიანსის წევრების ხელით, ბიძინა ივანიშვილის ხაზი და პასუხისმგებლობაა.

"რუსული სპეცსამსახურის წვრილფეხობას - ინაშვილი/ თარხან- მოურავის წყვილს გამოუცხვია უკვე რუსული შეკვეთა.

ბათუმში ეს ბანერი ტიპიური რუსული, ჯერ კიდევ სსრკ- ს დროინდელი იდეოლოგიური ნარატივია - აჭარა რუსეთმა დაგვიბრუნა და  თურქეთი კვლავ  წაგვართმევდა, რუსეთი რომ არ გვიცავდეს.

საქართველოს ხელისუფლება კვლავ დუმს. თუმცა, რაღა დუმს - მისი დასტურითაა ეს ბანერი დადგმული ბათუმში.

თურქეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოითხოვს. სტრატეგიული პარტნიორია. მისი დღევანდელი ხელისუფალი პრობლემურია ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ თანამედროვე თურქეთისგან მტრის ხატის შექმნა არის საქართველოს მტრობა.

პერიოდულად ანტითურქული კამპანიიის გაჩაღება ამ რუსის შნირების ხელით არის ბიძინა ივანიშვილის ხაზი და პასუხისმგებლობა",-წერს ბერძენიშვილი Facebook გვერდზე.

ცნობისთვის, პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა. ბანერის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში სამართლიანი არჩევნების იურისტმა ნინო რიჟამაძემ დღეს, 29 აგვისტოს გაავრცელა.

თურქოფობიითა და ქსენოფობიით გამორჩეული პატრიოტთა ალიანსი უკვე წლებია ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აჭარაში ანტითურქულ პროპაგანდას ავრცელებს. 2020 წლის არჩევნებისთვის კი პარტიამ აჭარაში განთავსებულ წინასაარჩევნო ბანერებზე შემდეგი მოწოდება გაავრცელა: "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!".

 

 


close დახურვა